ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2020

I_Residency: მარიამ ნატროშვილის მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტი

 

 

 

"როგორ დამთავრდეს პანდემია?"

    

                                                                                                               

 

ოჰ, ნეტავ როცა ცეცხლი ავანთე, მე

დავმწვარიყავ და შენ დარჩენილიყავ. შენ

დაიწვი, მე ცოცხალი ვარ.

გაზაფხულზე, პანდემიის დროს, ტრანსგენდერმა ქალმა თბილისში თავის დაწვა სცადა. ცოტა ხნით ადრე, აღდგომის ღამეს, პოლიციელის ჰაერში ნასროლმა ტყვიამ, ბრმა ტყვიამ, ქალი საკუთარ სახლში მოკლა. ზაფხულში სურამში, ქმარმა მძინარე ცოლს 3 ტყვია ესროლა. ამით არ დასრულებულა. ჯერ პატარა ბიჭი იპოვეს მკვდარი მდინარეში, მერე გოგო გაქრა სახლიდან.

აქ რას ჩამოთვლი. დრო არ გეყოფა, არც გვერდები.

თითქოს ვიღაცამ ყუთი გადმოაპირქვავა და ძალადობა და სიძულვილი მოედო ქალაქს. ქალაქში დახვდა სიჩუმე და გულგრილობა. ვერაფერმა შეაჩერა და აქ დარჩა.

ეს ტექსტი არის რეპორტი, გნებავთ რეკომენდაცია, გაცემული დაავადებათა კონტროლის ცენტრის მიერ.

 

XXX

პანდემია დაიწყო დიდი ხნის წინ.

არავინ ითვლის დღეებს.

არც წამალია. არც ვაქცინა.

არაფერი შველის ამ ჭირს.

უკურნებელ სენად იქცა.

ზოგი ამტკიცებს, არ არსებობსო.

არსებობს, როგორ არ არსებობს, აბა საიდან ამდენი მკვდარი?

ადვილად ვრცელდება. გადამდებია.

გეოგრაფიული გავრცელებით, მსოფლიოს ფარავს.

სიმპტომები სხვა ვერაფერში შეგეშლება.

ჯერ შეგაციებს.

ხელებში სიცივეს იგრძნობ.

ხელები გაგეყინება.

გრძნობებს დაკარგავ.

ნაცრისფერი ფერი გადაგკრავს.

ჯერ გული გაგიქვავდება.

მერე ყველა ნაწილი ცივ ქვად გექცევა.

თვალები კენჭებად.

ზღვაზე რომ ყრია, სულ თვალებია. სიძულვილით დავსებული.

 

XXX

შავი ჭირი თუ შეგეყარა, ქალაქს თუ შავი ჭირი მოედო, მეტი მკვდარია მოსალოდნელი. არ გაჩერდება.

რაღაცა დალპა. აბა, რაღა შეაჩერებს.

 

XXX

ბევრი მითი და არასწორი ინფორმაცია ვრცელდება - მათ შორისაა, თუ როგორ ხდება ვირუსის გადადება, როგორ უნდა დაიცვათ თავი, და როგორ მოიქცეთ, თუ შიშობთ, რომ შეგხვდათ ეს ვირუსი.

რეკომენდებულია, მუდმივად თვალყური ადევნოთ თქვენი ქვეყნის ხელისუფლების  ან ადგილობრივი მთავრობის მიერ გაცემულ რჩევებს მოგზაურობის, განათლების მიღებისა და სხვა სფეროების შესახებ და იცნობდეთ უახლეს რეკომენდაციებსა და სიახლეებს ამ საკითხებზე.



 

XXX

ქვებმა იკითხეს: იყინებოდა? შესცივდა? თუ ცეცხლი რატომ მოიკიდა? ცეცხლი რატომ დაინთო ტანზე?

თბილისის სახლები, კორპუსები, კბილებდაძრობილი, პირღია კორპუსები ახარხარდნენ. ასე ამბობენ: ადამიანები მხოლოდ ისინი არიან, ვინც ჩვენნაირია. მხოლოდ მათი სიკვდილი და სასოწარკვეთა გვესმის ვინც პირჯვარს იწერს ჩვენთან ერთად მანქანებში, ეკლესიებში, წირვებზე, ქუჩაში, კონცერტებზე.

იმათი გვესმის, იმათ ვტირით, ვინც უარს ამბობს საკუთარ თავზე. ვისაც ძლიერი ხელი აქვს და კაცია, ვინც ძლიერია.

მხოლოდ იმათი სიკვდილი გვეწყინება, ქმარმა ვინც მოკლა, მოკლა იმიტომ რომ ღირსი იყო. ცემა იმიტომ, რომ იმსახურებდა. ოჯახი წმინდაა და რაც მოხდება იქ უნდა დარჩეს. ოჯახი წმინდაა და მირონი მოსდის. მირონი მოსდის ყველა ფანჯარას, საიდანაც ხარხარი ისმის. უკბილო კორპუსებს პირიდან მირონის სდის.

რა სუნია.

სანამ სუნს ვერ იგრძნობ, ვერც მიხვდები, რომ მირონი კი არა ჩირქია. ხელებს აიფარებ სახეზე, ცხვირზე, ფუ რა სუნია. ვეღარც იცინი. თვალებსაც ხუჭავ რომ იქნებ გაქრეს ეს ლეშის სუნი. მირონი არ იყო რომ მოგვდიოდა? წმინდა არ იყო ჩვენი ხელები, მკვლელი ხელები, აღდგომის ღამეს, ცაში რომ ისვრის, ცოლს რომ ურტყამს, სანთელს რომ ანთებს.  საიდან გაჩნდა ამდენი ჩირქი, როგორ დაგროვდა.

 

XXX

ცეცხლში უნდა იბანაო.

ცეცხლი გადაივლე. ცეცხლით მოიშორე ეგ სიძულვილი. სხვანაირად ვერ ჩამოიბან.

საპნის მაგივრად ბენზინი წაისვი. კარგად უნდა ააქაფო. ცეცხლი მოუშვი ონკანიდან და გადაივლე. სახეხი გაქვს? ცეცხლგამძლე სახეხი, კარგად რომ მოგაშოროს ეგ აყროლებული, აქოთებული ზიზღი.

 

XXX

ქალაქში სიძულვილი ავიდა ტახტზე. ერთ დღეს კი არა, უცბად კი არა, ნელა, შეუმჩნევლად, ჩუმად გამეფდა. გულგრილობა, შიში და სიჩუმე ყავს მსახურებად. სისასტიკე ადგას გვირგვინად. მისი ფარია ვაჟკაცობა, ეგრეთწოდებული. ძალადობა არის მეუღლე.

ყოველ თვე ითხოვს ახალ მსხვერპლს. ბავშვებს და ქალებს.

მკვდრების სახელები მძივად აქვს ასხმული. ბეჭდის თვლებად აქვს ჩასმული თვალები.

სადილად აქვს: "ღირსი იყო", ვახშმად: "დაიმსახურა".

 

XXX

ქარი ამოვარდა და ფერფლი მოიტანა. ფერფლია თუ მტვერი? ფერფლის ბუღია თუ ნისლია? არაფერი ჩანს.

რა ხმა იყო? სროლაა თუ ქარმა მიაჯახუნა კარები?

გამთენიისას, საწოლში მოკლული ქალი დილით ახალ ამბებად გადაიქცა. ყველას მოედო. ყველამ გაიგო.

რამდენმა ქალმა გაიფიქრა - "მე ხომ არ მომკლეს".

მე ხომ არ ვარ ეს ქალი, ვის სახელს და გვარსაც არ ამბობენ, ძილში რომ მოკლეს.

ყველამ იფიქრა, ყველა შეეხო თავის სხეულს, შეამოწმა აქვს თუ არა.

ყველამ ჩაიხედა სარკეში, ჩანს თუ გაქრა? არის თუ არა? გადარჩა თუ ვერ გადარჩა? ცოცხალია თუ მკვდარია?

 

XXX

რა ქვია იმას, ვისაც სძულს და ვინც კლავს, ვინც აქრობს, ვინც აჩუმებს, ვინც ურტყავს და ყვირის. ვინც ესვრის მძინარეს.

 

უსახელო ლოდებად გადაიქცნენ. უსახელო მტვრიან კენჭებად.

არც ხმა ჰქონდეთ, არც სიტყვები.

ვერც დაინახონ, ვერც გაიგონონ, ვერც იგრძნონ ვერაფერი.

ვისაც სძულს, ქვად გადაიქცეს.

ასე დამთავრდეს.







I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.













უკან