ბლოგი

იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე

  • - აირჩიეთ თვე -
  • მარტი
  • სექტემბერი
  • აპრილი
  • მაისი
  • ნოემბერი
  • ივლისი
  • ივნისი
  • იანვარი
  • თებერვალი
13 სექ 2020

I_Residency: ქალი ვიზუალური არტისტების და მწერლების დუეტების მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები

 

"გაურკვეველი მომავლის მუდმივი მოლოდინი"

ფოტო: თაკო რობაქიძე
ტექსტი: ნესტან ნენე კვინიკაძე



სულის დრესირების მეთოდი იზოლაციაში

 


 




 

ჩემი უფროსი და სკოლაში ინგლისურენოვანი სპექტაკლის პრემიერისთვის ემზადებოდა. ვიცოდი, ფერიას როლი რომ ჰქონდა. მიხაროდა. პრემიერაზე მისულმა აღმოვაჩინე, რომ ჩემი და ფერიაა, მაგრამ თურმე მხოლოდ იმ სცენაში ჩნდება, სადაც ფერიას ბოროტი ჯადოქარი მოხუცად გადააქცევს. ჩემი და მხრებში მოხრილი, ტილოს დახეული კაბით გამოვიდა სცენაზე და არტისტულად მოკუზულმა, პირობით ტყეში ძირს დაყრილი ფიჩხები შეაგროვა. შემდეგ კონკიას გამოელაპარაკა: Oh, You are so kind... კიდევ რამდენიმე ფრაზა თქვა, რომელსაც ვერ ვიხსენებ და კულისებისკენ წავიდა. ცრემლი მომადგა მაშინ. ახლა კი, სამზარეულოში მდგომი, შორიდან რომ გავყურებ საკიდებზე სიმეტრიულად დაწყობილ ჩემს ტანსაცმელს, სხვადასხვა ზომის ჩანთებს და ქამრებს, მგონია, რომ ახლაც მოვტყუვდი, მეც სხვა როლი შემრჩა.

კარანტინში ყველანი ერთად ვიყავით, ცოცხლებიც და მკვდრებიც. ისეთი დამაჯერებელი იყო ბავშვობის სცენები. ყველამ ისე შესანიშნავად ვითამაშეთ. ამ თამაშის დასრულება არავის უნდოდა.

ბავშვობაში, იმ საბჭოურ ხმაურიან სალარო აპარატზე ვოცნებობდი, მაღაზიებში რომ იდგა. ქვედა უჯრა მოულოდნელად გამოვარდებოდა ხოლმე და დანაყოფებში კოხტად ჩაწყობილი მანეთის სხვადასხვა ნომინალის ბანკნოტები მოჩანდა.

სოჭში ხშირად ვისვენებდით. სწორედ იქაურ მაღაზიებში ვაშტერდებოდი მოლარეებს, თამამად რომ ატყაპუნებდნენ თითებს იმ ჯადოსნურ ღილაკებზე. თან პირს ჩუმად ამოძრავებდნენ და არ ვიცი რატომ, მე ყველა ჯერზე ერთი და იგივე მესმოდა: „ვოსემ, ტრი... ვოსემ, ტრი", რასაც უჯრის გამოვარდნის ხმა ემატებოდა. ამიტომ, იმ ჯადოსნურ ყუთს ბოლოს ასე დავარქვი: „ვოსემ, ტრი, თხითხითხი". მოკლედ, ეს უინტელექტო, უშნო, მაგრამ ჩემთვის სრულიად იდუმალი აპარატი ოცნებად მექცა. მამაჩემი მპირდებოდა, რომ მისი მეგობარი, თბილისის უნივერმაღის დირექტორი, ასეთ აპარტს მალე ჩამოწერდა და მომიტანდა. ჩამოწერა – ეს სიტყვა პირველად მაშინ გავიგე.

არა და არ ჩამოიწერა.

გავიდა დრო. ერთ დღესაც მამაჩემმა რაღაც დიდი ნივთი მოიტანა შინ. გული ამიჩქარდა, მოხსნეს შალითა, მამაჩემმა თქვა, – ვერსად ვიშოვე ის აპარატი და საბეჭდი მანქანა მოგიტანე, ჰგავს კიდეც და თან რასაც გინდა იმას დაწერო.

ამერიკაში, წარმატებული მწერალი ამ ამბავს გამოიყენებდა კითხვაზე – „როგორ დაიწყეთ წერა“? – ეფექტური პასუხისთვის, მაგრამ ჩვენთან სისულელე იქნება ამის თქმა და თან ამ მიზეზითაც არ დამიწყია წერა.

ავეჯს თითქმის ყოველ დღე ვუცვლი ადგილს. ამ კლაუსტორფობიულ მოცემულობას, ამ უძრაობას, ყოველდღიური ცვლილებით ვებრძვი.



 

პორნოს რატომ არ უყურებ? – მეკითხება უფროსი, 11 წლის შვილი. ცოლად გამომყევი, ხო ამბობ, მიყვარხარო, – მეუბნება უმცროსი, 6 წლის ტყუპისცალი. ყველა ოთახიდან მეძახიან ბავშვები. აზუსტებენ, ეიფელის კოშკი უფრო მაღალია თუ ანძა, ანიმაციაში ხომ მხოლოდ ოპერატორები არიან ნამდვილები.

უცებ შიში მიპყრობს – ორსულად ხომ არ ვარ. არ მინდა მეოთხე შვილი. მერე მახსენდება, რომ ჩემი მეგობრები შვილებზე ოცნებობენ. ჩემს თავზე ვბრაზდები.

გამუდმებით ვფიქრობ იმ ქალებზე, ვინც კარანტინმა ყავლაშვილის პროექტის ბინებში, მოძალადე ქმრებთან ერთად გამოკეტა.

კიდევ იმ ქალებზე ვფიქრობ, რომელთა უმრავლესობას ეუბნებიან, რომ უკვე 50 წლის არიან. არადა, ჯერ 50 წლის არიან.

დიასახლისობა და პროფესიული საქმე ერთმანეთს ახრჩობს. ჭურჭელს ვრეცხავ და მოგონებებს დამამშვიდებელი აბებივით ვიყრი პირში. ყველაზე ბურჟუაზიულ, ყველაზე გამომწვევ მოგონებებს ვექაჩები. სტოკჰოლმი, ნობელის მუზეუმი მახსენდება – ჩერჩილის ფერწერა ჰქონდათ გამოფენილი. მახსენდება ორჰან ფამუქი, ნობელის ლექციის დაწყების წინ, სამაჯურიდან საათი მოიხსნა და ჭიქიდან წყალი მოსვა.

ლაჟვარდოვანი სანაპიროს მთელი ზოლი მიდგება თვალწინ. ცივი ღვინო და მზით გამომშრალ კანზე შეზელილი ვანილის ტანის კარაქი.

მტვერსასრუტი ჩავრთე და ვითომ თვითმფრინავში ვარ. მარტო. ეს მარტოობა კვებავს სულს. საშინელ მყუდროებას მანიჭებს ჩემს პატარა ჩანთაში ჩატეული ყველა ნივთის დანახვა. დაშვებას რომ იწყებს თვითმფრინავი, მე სახის სველ საწმენდს ვიღებ, ნაკვთებს ყურადღებით ვიწმინდავ. შემდეგ, ლოსიონით იმავე მოძრაობას ვაკეთებ. დამატენიანებელს ვისვამ. პომადას ვიმატებ და მზის სათვალეს ვიკეთებ. ველოდები იმ წამს, როდესაც სხვა ქვეყნის მიწაზე პირველ ღერ სიგარეტს მოვუკიდებ. ასეც ხდება. დიდად არ მსიამოვნებს თამბაქოს გემო, მაგრამ მჭირდება.

ჯერ არ ვიცი რას ვნახავ ნიუ იორკში. ტელეფონს რომ დავკარგავ მეტროპოლიტენ მუზეუმში. შემდეგ აღმოჩნდება, რომ მომპარეს და ქურდს შეტყობინებას დავუტოვებ.

ეს მოგზაურობა მიყვარს: ვარშავიდან ვენაში რომ ჩავფრინდი, შემდეგ ჩეხეთში, ბრნოში მიმავალ ავტობუსში ბოლო თავისუფალი ადგილი დავიკავე და მეორე დღეს ოსტრავაში, აბსენტ ბარში აღმოვჩნდი შესანიშნავ ჩეხებთან ერთად. ჩეხი გოგონები ხელჩანთაში უცნაურ ნივთებს ინახავენ. უფრო მოულოდნელს, ვიდრე უცნაურს. აბსენტ ბარში, თარჯიმანმა კლარამ ჩანთიდან რძის ბოთლი ამოიღო და ჭიქაში დაასხა. ამასობაში, იმავე მაგიდაზე ჩამოდგმული იდუმალი დანადგარიდან, ნატეხი შაქრის გავლით, ჩემს ჭიქაში აბსენტი წვეთავდა.

ყოველთვის მჯეროდა, რომ მოგზაურობა დროს აჩერებს. რადგან სხვაგან ერთ დღეში ძალიან ბევრი რამ ხდება. ზოგჯერ, შეუძლებელიც კია ამდენი ამბავი 24 საათში ჩაეტიოს. ცხოვრებას თითქოს დროს პარავ და ამ ნაქურდალის საგულდაგულოდ დამალვას ცდილობ.

კექსს ვაცხობ. ბებიაჩემმა თინა დემეტრაძემ ათობით წელი გაატარა სამზარეულოში, და სამზარეულო აქცია ბრძოლის მეთოდად. ეს იყო მისი მთავარი და მყარი მოედანი. მე ორი თვეც ვერ გავძელი. და თუ გავძელი, მხოლოდ იმიტომ რომ ჩემი მკვდრები მეხმარებოდნენ. ვისაც როგორც შეეძლო. ზოგი ამ მძიმეწონიანი მოგონებების ამოთრევაში მეხმარებოდა, ზოგიც ინგრედიენტებს მითითებდა, რითაც დრესინგს ვამზადებდი. დრესინგს გადარჩენისთვის. მოწყენილობამ ისევე შეიძლება მოკლას ადამიანი, როგორც ვირუსმა და ქმარმა.

ეზოში ვარდებმა იფეთქა. მართალია, ეს იზო ბებიას დარგული ყვავილებია, მაგრამ მე ერიკ რომერის ვარდებს ვეძახი. მის ფილმებში ჩნდებიან ასეთი ფერის ვარდები.

მაკარონს მხიარულად ვხარშავ, რადგან მოვასწარი ტექსტის მომზადება – როგორია სამყაროს მხატვრულად დაუფლების ცდა? ესა თუ ის ტექსტი, ზოგან ამღვრეული, ზოგან აუმღვრეველი სახით შენარჩუნებული, თავისებური რუდიმენტებით წარმოდგება ხოლმე. ზოგან ნაწილები თანაზომიერად არცაა განლაგებული, ვიღაცის მხატვრული ამოცანა ამოუხსნელიც რჩება.

დღე 57-ე.

6 კილოგრამი დავიკელი. თმა შევიჭერი. მილენა პედიკურისთვის სახლში მოვიყვანე. თავიდან მოვაყოლე ომის დროს აფხაზეთიდან გამოვლილი გზის ამბავი. იმ ცნობილი გემით... დაიწყო. მერე ის ძაღლი ვერ აიყვანე? – ვეხუმრები. ვიცინით.

ცხოვრებამ ჩვეულ კალაპოტში გადასვლა დაიწყო, ყველანი ავირიეთ, ცოცხლებიც და მკვდრებიც. თითქოს ყველას თავისი უფრო მნიშვნელოვანი საქმე გამოუჩნდა.

დაუმშვიდობებლად დავიშალეთ.

დაღამდა.

ბავშვებს ვაძინებ.

დაიძინეს.

სიჩუმეა.

სიჩუმეა მთელ ქალაქში.

(ფანჯარაში ვიყურები)

რა არის ეს, თითქოს რაღაცამ ჩაიფრინა? კაჭკაჭია თუ რამე სხვა ჩიტი?

(მხარზე მკოცნის და ფანჯარაში იყურება)

კაჭკაჭია.

 

2020 / ივნისი

 

 




 
I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.

 

 

 

 

 

 

 

 

 

 

 




უკან