ბლოგი
იხილეთ სიახლეები ჩვენს ბლოგზე
I_Residency: ქალი ვიზუალური არტისტების და მწერლების დუეტების მიერ კარანტინის პერიოდში შექმნილი პროექტები
"გაკოცებ რომ გავიზრდები"
ფოტო: მარიკა ქოჩიაშვილი
ტექსტი: სალომე ჯაში
ეს ფოტოსერია საკუთარი იდენტობის - სხეულის და სექსუალობის კვლევაა და სტერეოტიპებისგან, კულტურულოგიური აკრძალვებისგან და ტაბუებისგან განთავისუფლების მცდელობაა.
ჩემ პირველ დიდხნიან შეყვარებულთან ურთიერთობა ამ კვლევის მნიშვნელოვანი ნაწილია. ჩვენ ერთმანეთს კარანტინამდე რამდენიმე დღით ადრე დავშორდით. ორი წლის ურთიერთობისას გადაღებული ფოტოები და ის სიცარიელე, რაც მისმა წასვლამ დატოვა, ამ სერიის ნაწილია და განცდებზე, ჩემი სექსუალური იდენტობის ძიებაზე და პარტნიორის კვლევაზე დაკვირვებაა.
რამდენიმე წელი მხოლოდ სხვა ქალებს ვიღებ და ჩემ შეგრძნებებს ვუსმენ. კამერის უკან ვიმალები, ვაკვირდები და აღფრთოვანებული ვარ ქალების ამ ძალით - კამერის წინ შიშვლები იდგნენ, არ რცხვენოდეთ, საკუთარი სხეულები უყვარდეთ და არ უტყდებოდეთ, არც ფეხზე თმა და არც მოზრდილი თეძო. ვუყურებ და მინდა შემეძლოს მათ ადგილას ვიყო. თითქოს ამაზე დაკვირვებით საკუთარ სიშიშვლეს ვაკვირდები და საკუთარ სხეულთან კავშირს ვამყარებ.
მეთითონაც გავბედე. და მივხვდი, რომ საკუთარი სხეულის ჩვენების შიში ჩემი მგრძნობიარობის დამალვის მცდელობა იყო. იქნებ ის, რასაც აქამდე ვეძებდი იყო ძალა, ვყოფილიყავი მოწყვლადი.
ეს მხატვრული ესსე შეიქმნა ფოტოგრაფ მარიკა ქოჩიაშვილთან დიალოგის შედეგად
სალომე ჯაში
"ვარდომ თქვა"
ძველ ფოტოს გადავაწყდი ამას წინათ. 19 წლის ვარ. მეგობრის ქორწილში შალახოს ცეკვას ვცდილობ. მეჯვარე ვარ და მევალება. ჩემი შავი ხუჭუჭა თმა გაუთოებული მაქვს. ხელოვნური აბრეშუმის კაბა მაცვია და მაღალ ქუსლებზე ვდგავარ. ვამჩნევ, რომ ფოტოგრაფი მიღებს და უხერხულად ვიღიმი. საერთოდ, უხერხულად ვგრძნობ თავს. ეს ბრეტელებიანი კაბა და ქუსლები არაა ჩემი. ანუ ჩემია. წინა კვირას ვიყიდე. მაგრამ არ მერგება. მაცვია ზუსტად ისე, როგორც ჩემს მეგობრებს აცვიათ, როგორც უნდა ეცვას ქალს, განსაკუთრებით მეგობრის ქორწილში. მეც ძალიან ვცდილობ ვგავდე ქალს. მეხამუშება.
ყოველ კვირა ეკლესიაში დავდივარ, მაგრამ აღსარებაში არასოდეს მითქვამს ჩემი მთავარი ცოდვის შესახებ. არც კი ვიცი, რა დავარქვა იმ საქციელს, რასაც ჩემს მასწავლებელთან ერთად ჩავდივარ. ის მეუბნება, რომ ეს ურთიერთობა ზღაპარია, ყოველი დღე - სასწაული. თუმცა ამის შესახებ არავინ უნდა გაიგოს. რომ ეს უდიდესი ცოდვაა და რომ ასეთი რამ აღარასოდეს უნდა მოხდეს. მთხოვს, რომ ვაპატიო. ღმერთსაც ევედრება, რომ აპატიოს მასაც, მეც. გველი შემიძვრაო ტვინშიო და არ მასვენებსო.
ჩემი მასწავლებელი ჩემზე ბევრად დიდი ქალია. ვერ ვიტყვი, რომ პატარა ვარ, ცოტაც და უნივერსიტეტს დავამთავრებ, მაგრამ კარგად არ მესმის, რა ხდება ჩვენს შორის. ბოლომდე ვენდობი. მეც მგონია, რომ რასაც ჩავდივართ, სამარცხვინოა და უნდა დარჩეს სამუდამო საიდუმლოდ. მოკლედ, განვიცდით, ორივენი განვიცდით, საშინლად, თვითგვემამდე, რომ ასე უკუღმართად ვიქცევით.
სანამ ამ უსაქციელობაში გავეხვეოდი, ერთი ღამე მახსოვს. ჩემს პატარა ბნელ ოთახში ვწევარ და ვშფოთავ, ვერ ვიძინებ. მთელი ტანით ვგრძნობ, როგორ მაწვება ჩემი საუკეთესო მეგობარი. ჩემდაუნებურად წარმოვიდგენ, იქ კი არაა სინამდვილეში. ის მაწვება, მე კი ვდევნი. თითქოს მაგნიტური ძალაა ჩვენს შორის, ერთდროულად პლიუს და მინუს თვისებებით. ვერ ვხვდები რა ხდება. წინა დილით ლექციაზე შევხვდი. სიტყვები პირიდან მისხლტებოდა, ლაპარაკისას ვიშმუშნებოდი და თვალს ვარიდებდი. მის გვერდითაც კი ვერ დავჯექი, როგორც მანამდე. ახლა კი, ამ ღამეს, ვგრძნობ ვნებას, რომელიც მთელ ჩემს არსებას მოიცავს. უცნაური შეგრძნებაა, რომელიც თავს დამაცხრა. მიზიდულობაა, რომლის მიზანიც ამოუხნელია.
ოფლი მასხამს. ვებრძვი ამ ვნებას, თვალებდაჭყეტილი. რადგან ნამდვილად, ნამდვილად არ მინდა მერქვას “ლესბიანკა”, რომელიც მახინჯი კაცის მსგავს არსებად წარმომიდგენია, ბოხი ხმით და ალაგ-ალაგ წვერით. არ მინდა ამ სიტყვასთან ასოცირება. ეს სიტყვა, რომელიც მხოლოდ საზიზღრობას და გარყვნილებას ნიშნავს მძაგს ისევე, როგორც ყველას ჩემს გარშემო. იმ ღამემდე არც კი მიფიქრია ამაზე. სინამდვილეში არც კი შევხვედრივარ “ლესბიანკას”. მხოლოდ მსმენია ეს სიტყვა, როგორც სისაძაგლე. და ახლა, ერთ მშვენიერ საღამოს, დასაძინებლად დაწოლილი, მოულოდნელად ვგრძნობ ვნებას, რომლის შესახებ მანამდე არაფერი ვიცოდი და მცხვენია. მეშინია.
სირცხვილი ჩემი ცხოვრების თანამგზავრია.ყოველთვის მცხვენოდა ჩემი ბარძაყების. ამას რომ ვამბობ, თან ვცდილობ სხვა სიტყვა ვიპოვო, ნაკლებად ვულგარული, მაგრამ ვერ ვიხსენებ. ბარძაყი... ბაყვი? - კიდევ უარესი. ფეხის ზედა კუნთი? - wtf?!
მცხვენოდა ჩემი ფუმფულა საჯდომის, ტრაკის, უკანალის - ყველა ეს სიტყვა რაღაცნაირად ჟღერს - უხერხულად. ვცდილობ ჩემი სხეულის ის ნაწილები ჩამოვთვალო, რომლისაც მცხვენოდა და ყველა სიტყვა მეხამუშება. ყველა ამ სიტყვას უარყოფითი შინაარსი დაჰყვება. სხეულის ყველა ეს ნაწილი დასაძრახია და, შესაბამისად, დასაძრახია მთელი ჩემი სხეული, რომელსაც სირცხვილისგან სარკეშიც ვერ ვუყურებ შიშველს. მძაგს საცურაო აუზები, რადგან რთულია გამოიცვალო ისე, რომ ვერავინ დაგინახოს.
ამ საშინელი დანაშაულის გრძნობით, ჩემი გარყვნილი ისტორიებით, რომლის გახსენებაც არ მინდა და რომელსაც ყველასგან ვმალავ, სადღაც სხვა ქალაქში ამოვყავი თავი. დიდი ხნით. თან წავიღე ჩემი კაბები, რომელსაც მხოლოდ ქორწილებში და დაბადების დღეებზე ვიცვამდი. თან წავიღე ქუსლიანი ფეხსაცმელიც. ვფიქრობდი, აქ ვნახავ როგორია ნამდვილი ქალი. აქ მოვეგები გონს. აქ მოვიხდენ კაბას. აქ ვივლი აშოლტილი. წავისვამ ფრჩხილზე ლაკს. დავისხამ სუნამოს. ბოლოს და ბოლოს დავივარცხნი თმას!
ახლაც აქ ვცხოვრობ. შორს ნაცნობი ალმაცერი თვალისგან. განსჯისგან. შვიდი წლის შემდეგ, ჩემი კაბები და ცალი წყვილი ქუსლიანი ფეხსაცმელი, რომელიც ბინიდან ბინაში დამქონდა და იმედიანად ვკიდებდი საკიდებზე, გუშინ ჩავაბარე საქველმოქმედო ორგანიზაციას. გამოადგება ვინმეს. არ იყო ცუდ ფერში.
I_Residency (inside, isolation residency) სარეზიდენციო პროგრამა ქალი ვიზუალური არტისტებისა და მწერლებისთვის თბილისის ფოტო ფესტივალის ინიცირებით და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) და შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით განხორციელდა.
უკან