Magic Carpets

ბენ უილერი

ხეობის ხმები

 

“ხეობის ხმები” ქართველი და საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ხელოვანებისთვის განკუთვნილი სარეზიდენციო პროგრამაა. რეზიდენცია “Magic Carpets”-ის დიდი ოჯახის ნაწილია, რომელიც 16 ევროპული ორგანიზაციისგან შედგება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხელოვანთა მობილობას მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის მიზნით.

რეზიდენცია პანკისში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში მდებარეობს. კავკასიონის ქედით შემოსაზღვრული ეს ხეობა მდინარე ალაზნის ნაპირებს მიუყვება და ძირითადად მუსლიმი თემით, ქისტებითაა დასახლებული.

პანკისი ულამაზესია და, ცოტათი, ჯადოსნურიც. აქ, თითქოს, ჰაერიც სხვანაირია, დროც, ხანდახან, სხვანაირად გადის, აქაურ მწვანეს სხვაგან ვერ შეხვდები, ხმებიც, თან ნაცნობია - თან უცხო. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი და პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა უცხოელთათვის, ქართველების დიდი ნაწილი ხეობაში ნამყოფიც არაა. დანარჩენი საქართველოსთვის პანკისი ბურუსითაა მოცული. ხალხი ხეობაზე სიფრთხილით ლაპარაკობს და ინფორმაციაც ხშირადაა ფრაგმენტული და არასწორი. ამის შედეგად, ქისტების კომუნა ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებულია საქართველოში - გეოგრაფიულად ახლოს, მაგრამ სოციალურად დისტანცირებული.

ეს დისტანცია უმთავრესია იმ მიზეზთაგან, თუ რატომ ავირჩიეთ პანკისი ჩვენი რეზიდენციის ადგილად, ხოლო ქისტი ხალხი საზოგადოების იმ ნაწილად, ვისთანაც ვიმუშავებდით. ქისტებისთვის, მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის აგებული უხილავი კედელი მნიშვნელოვანი თემაა, რაც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. უკვე წლებია, სტიგმის გასატეხად და დისტანციის შესამცირებლად, ქისტები დანარჩენ ქართველებს მოუწოდებენ, რომ ესტუმრნონ და თავისი თვალით ნახონ პანკისი.

რეზიდენციის ფარგლებში, თბილისის ფოტო ფესტივალმა სამი ხელოვანი ხეობაში სამი კვირის გასატარებლად გააგზავნა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს რეზიდენცია პრობლემების და მათი გადაჭრის გზების აღმოჩენას კი არა, ახალი ურთიერთობების დამყარებას ეძღვნებოდა, ადამიანების ადამიანებთან და ადამიანების ადგილებთან დაკავშირებას.

შედეგად, გთავაზობთ სამ ისტორიად გადაქცელი სამი შეხვედრა, რომელთანაგ თითოეულს, მათ მიერ გაგონილი ხეობის ხმები მოაქვს თქვენამდე.

 

 

ბენი და ბელა


ათი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ბენი საქართველოში გადმოვიდა საცხოვრებლად, 9 წელი - პანკისში მისი პირველი ვიზიტიდან.
როგორც ეთნომუსიკოლოგი, ბენი ბევრს მოგზაურობს საქართველოში, უსმენს და აგროვებს ხალხურ სიმღერებს, რომლებიც, ხშირად, მხოლოდ მათი შემსრულებლების მეხსიერებაშიღაა შემორჩენილი.

როდესაც პირველად შევხვდით, მივხვდი, რომ მან პანკისის ხეობის შესახებ ჩემზე ბევრად მეტი იცოდა: "ვიცი სად მინდა დავრჩე", - მითხრა, "იქ მეგობარი მყავს" - და პირველად მაშინ გავიგე ბელას შესახებ, - თვითონ წოვა-თუში ქალი, ქისტ კაცზეა დაქორწინებული, სოფელ ჯოყოლოში ცხოვრობს და ადგილობრივ სკოლაში მუსიკას ასწავლის.

ბელას პატარა სასტუმრო-სახლიც აქვს — ‘ფოლკჰაუსი’, რომელიც ხშირად მასპინძლობს მუსიკოსებს და მუსიკით დაინტერესებულ ადამიანებს მთელი მსოფლიოდან. ის სამ ენაზე (ჩეჩნურ, წოვა-თუშ და ქართულ) მღერის, ქართულ და ჩეჩნურ ხალხურ ინსტრუმენტებზე უკრავს და თავისი ქალთა გუნდი ‘პანკისის ანსამბლი აქვს, რომელშიც, მასთან ერთად, სამი ქისტი გოგოცაა. პანკისისთვის უნიკალური სიმღერითა და მელოდიებით მოხიბლულმა, ბენმა გადაწყვიტა ‘პანკისის ანსამბლის’ სიმღერების ჩაწერა და მათი ალბომის ინტერნეტში გამოქვეყნება.

ბულატი და ტიმური, ორი ჩერქეზი ეთნომუსიკოლოგი და ბენის ახლო მეგობარი (რომლებიც კავკასიაში მოგზაურობენ და ხალხურ მუსიკას აგროვებენ), შემთხვევით, თბილისში სწორედ ბენის რეზიდენციის დროს ჩამოვიდნენ და მას ხეობაში გაჰყვნენ.
ალბომი, რომლის მოსმენაც ამ ბმულზე გადასვლისას შეგიძლიათ, მათი ბელასთან და ‘პანკისის ანსამბლთან’ მუშაობის შედეგია. ეს არის საჩუქარი მუსიკის მოყვარულთათვის, რომლებსაც შესაძლოა ვერასოდეს მოესმინათ ხეობის ხმები, რომ არა ისინი.

სიმღერები მოგვითხრობს სიყვარულის, მეგობრობის, სასოწარკვეთის, ომისა და თავისუფლების ისტორიებს - უნივერსალურს დანარჩენი სამყაროსთვის, თუმცა შესრულებულს პანკისისთვის დამახასიათებელი სტილით.
ბელას ვთხოვეთ ერთი სიმღერა თქვენთვის ეთარგმნა.




ტექსტი: ანა გაბელაია, პროექტის კურატორი






 

გალერეა




უკან გასვლა