Magic Carpets

თამარ კალანდაძე

ხეობის ხმები

“ხეობის ხმები” ქართველი და საერთაშორისო მულტიდისციპლინარული ხელოვანებისთვის განკუთვნილი სარეზიდენციო პროგრამაა. რეზიდენცია “Magic Carpets”-ის დიდი ოჯახის ნაწილია, რომელიც 16 ევროპული ორგანიზაციისგან შედგება და ყოველწლიურად უზრუნველყოფს ხელოვანთა მობილობას მათი ადგილობრივ მოსახლეობასთან მუშაობის მიზნით.

რეზიდენცია პანკისში, აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთის რეგიონში მდებარეობს. კავკასიონის ქედით შემოსაზღვრული ეს ხეობა მდინარე ალაზნის ნაპირებს მიუყვება და ძირითადად მუსლიმი თემით, ქისტებითაა დასახლებული.

პანკისი ულამაზესია და, ცოტათი, ჯადოსნურიც. აქ, თითქოს, ჰაერიც სხვანაირია, დროც, ხანდახან, სხვანაირად გადის, აქაურ მწვანეს სხვაგან ვერ შეხვდები, ხმებიც, თან ნაცნობია - თან უცხო. მიუხედავად იმისა, რომ ეს რეგიონში ერთ-ერთი ყველაზე ლამაზი ადგილი და პოპულარული ტურისტული დანიშნულებაა უცხოელთათვის, ქართველების დიდი ნაწილი ხეობაში ნამყოფიც არაა. დანარჩენი საქართველოსთვის პანკისი ბურუსითაა მოცული. ხალხი ხეობაზე სიფრთხილით ლაპარაკობს და ინფორმაციაც ხშირადაა ფრაგმენტული და არასწორი. ამის შედეგად, ქისტების კომუნა ერთ-ერთი ყველაზე იზოლირებულია საქართველოში - გეოგრაფიულად ახლოს, მაგრამ სოციალურად დისტანცირებული.

ეს დისტანცია უმთავრესია იმ მიზეზთაგან, თუ რატომ ავირჩიეთ პანკისი ჩვენი რეზიდენციის ადგილად, ხოლო ქისტი ხალხი საზოგადოების იმ ნაწილად, ვისთანაც ვიმუშავებდით. ქისტებისთვის, მათსა და დანარჩენ საქართველოს შორის აგებული უხილავი კედელი მნიშვნელოვანი თემაა, რაც გავლენას ახდენს მათ ყოველდღიურ ცხოვრებაზეც. უკვე წლებია, სტიგმის გასატეხად და დისტანციის შესამცირებლად, ქისტები დანარჩენ ქართველებს მოუწოდებენ, რომ ესტუმრნონ და თავისი თვალით ნახონ პანკისი.

რეზიდენციის ფარგლებში, თბილისის ფოტო ფესტივალმა სამი ხელოვანი ხეობაში სამი კვირის გასატარებლად გააგზავნა. ჩვენ თავიდანვე ვიცოდით, რომ ეს რეზიდენცია პრობლემების და მათი გადაჭრის გზების აღმოჩენას კი არა, ახალი ურთიერთობების დამყარებას ეძღვნებოდა, ადამიანების ადამიანებთან და ადამიანების ადგილებთან დაკავშირებას.

შედეგად, შეიქმნა სამ ისტორიად გადაქცელი სამი შეხვედრა, რომელთანაგ თითოეულს, მათ მიერ გაგონილი ხეობის ხმები მოაქვს თქვენამდე.



თამარი და ალი

  

პანკისში წასვლამდე რამდენიმე იდეა გვქონდა, თუ რაზე უნდა ემუშავა თამარს რეზიდენციაში ყოფნისას. თვითონ იცოდა, რომ ბავშვებთან უნდოდა მუშაობა, თუმცა არ იყო დარწმუნებული რას, ან როგორ, აპირებდა. „ისეთი განცდა მაქვს, რომ იქ ამბავი მელოდება“ - მითხრა ერთხელ. ასეც მოხდა, დაუგეგმავი, შემთხვევითი მოვლენების სერიამ, თუ გნებავთ  - ბედისწერამ, ის ადგილობრივ ცხენოსანთა საზოგადოებასთან და მისი ისტორიის მთავარ გმირთან - ყველაზე ახალგაზრდა მხედართან, 13 წლის ალისთან, მიიყვანა. 

სანამ თამარი ქისტი საზოგადოებისთვის საკრალურ და მნიშვნელოვან თემას, - ადამიანსა და ცხენს შორის ურთიერთობას იკვლევდა, ალის პირადი ისტორიაც გამოიკვეთა და თამარიც მას, პირდაპირი და გადატანითი მნიშვნელობით, გაჰყვა.
გაჰყვა მდინარის პირას, სადაც ალი სხვა ცხენოსნებს ხვდებოდა ხოლმე; ტყეში, თავისუფლად გაშვებული ცხენების ბებიასთვის მოპარული მარილით მოსატყუებლად; დოღზე, ალისა და სხვა ცხენოსნებისთვის მნიშვნელოვან ღონისძიებაზე, სადაც ალის შეეძლო თავისი კარგი ცხენოსნობის დემონსტრაცია და იქნებ ფულიც კი მოეგო საკუთარი ცხენის საყიდლად. 

თამარისთვის, ხეობაში გატარებული დრო გამოცანას გავდა, - დატვირთულს მითოლოგიური, კოსმოლოგიური და ყოველდღიური, თითქოს უბრალო, მინიშნებებით. ისეთებით, როგორსაც სამყარო გვიგზავნის ხოლმე, როცა სწორ, ჩვენთვის განსაზღვრულ გზას მივუყვებით. რეზიდენცია დასრულდა, თუმცა ეს გზის მხოლოდ დასაწყისია, რომელიც, ჩემთვის,ლამაზი მეგობრობის დასაწყისსაც გავს. 


 

გალერეა




უკან გასვლა